ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ მეორე ვიზიტს გამოეხმაურა. ჰარცელის განცხადებით, ევროპული მედიაციის მეორე ეტაპზე, შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ მოლაპარაკების საწყისს ეტაპად რჩება.
„რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა დააანონსა, რომ ელჩი დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მედიაციის პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში წინ წაიწიოს.
დანიელსონი აქ ჩამოდის იმისთვის, რომ გაარკვიოს, არის თუ არა შესაბამისი მონაცემები და შესაძლებლობები მხარეებს შორის საერთო ენის მოსაძებნად. ახლა უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რომ დავინახოთ, რა არის შესაძლებელი შეთანხმების მიღწევისთვის. ეს არ იქნება მარტივი. შედეგი იქნება პოლიტიკურ ლიდერებზე დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ იმედი ნამდვილად არსებობს, თუ ყველა მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯს. ბატონი მიშელის 6-პუნქტიანი გეგმა კვლავ რჩება მოლაპარაკების საწყის წერტილად“, – ამბობს ჰარცელი.