მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მედიაციის შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობის გამო საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.
პროფკავშირის წევრები მოითხოვენ, რომ პროფესიულ კავშირთან შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობის გამო სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.
პროფკავშირის წევრები საჩივარში აღნიშნავენ, რომ ეროვნულ მუზეუმში შრომითი პირობეზი სავალალო მდგომარეობაშია, ასევე მუზეუმში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, რის შესახებაც დასაქმებულებს სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნდათ, რის გამოც 2022 წლის 9 ივნისს პროფკავშირმა ეროვნულ მუზეუმთან დაიწყო კოლექტიური დავა, მათ ასევე მიმართეს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს მედიატორის დანიშვნის თაობაზე.
პროფკავშირის მოთხოვნები იყო:
- მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიაობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად;
- გამოფენებისა და საგამოფენო სივრცეებში. ცვლილებების შეტანის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, გამოფენის კონცეფციის ავტორებთან, კურატორებთან, „დაცვა აღრიცხვის დეპარტამენტთან“, რესტავრატორებთან და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად:
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო პროექტების და საქმიანობის მართვის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, ფინანსური სამსახურის, კოლექციების დაცვა-აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, წესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევის თავისუფლებისა და კვლევით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს.
- პროფესიულ კავშირთან გაფორმდეს შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
- დასაქმებულებს მიეწოდოთ რეორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია;
- იმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი აღდგეს პირვანდელ ან ტოლფას პოზიციებზე;
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებული სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტების წესი მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან;
- მუზეუმის ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდოს 100 %-ით;
მათი თქმით, მედიატორის დანიშვნის შემდეგ, მოცემული შემათანხმებელი პროცედურების ფარგლებში პროფესიულ კავშირის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შედგა ერთი შეხვედრა, თუმცა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უპასუხოდ დატოვა მედიატორის მოთხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეხვედრა აღარ გამართულა.
„შეიძლება ითქვას ცალსახად, რომ დამსაქმებელი არ მონაწილეობდა შემათანხმებელ პროცედურებში. საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 63-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მხარეები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს“, – ნათქვამია საჩივარში.
პროფკავშირი აცხადებს, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის ან დასაქმებულთა გაერთიანების მიერ შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.
კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების გამო და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მიმდინარე წლის მაისში კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თაოსნობით „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი“ დააფუძნეს.
„საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის“ წევრებმა, ივნისში ეროვნულ მუზეუმში კოლექტიური დავისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ განაცხადი შეიტანეს. მაშინ კავშირის წევრები აცხადებდნენ, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდებოდა, პროფკავშირის წევრები გაიფიცებოდნენ.