„მედიის ადვოკატირების კოალიცია” განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეს, 19 ნოემბერს აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მედიაკოალიცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას” ეკისრება.
„დღეს, 19 ნოემბერს, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორებისა და ჟურნალისტებზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს განხორციელდა. კერძოდ:
- პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;
- სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
- სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
- სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.
აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, და საკუთარი ქმედებებით, პირიქით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ გარემოს.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების მიმართ;
ასევე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, რომ დღეს აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.
საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.
დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.
პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.