მედიაკოალიცია ხელისუფლებას 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დასჯისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის თავზე შარშანდელი მოვლენების უშუალო ჩამდენების და ორგანიზატორების დასჯა, ჟურნალისტებზე მომრავლებული თავდასხმების ეფექტური გამოძიება, კრიტიკული მედიის დევნის შეწყვეტა და გვარამიას გათავისუფლება და მედიის ფარული მოსმენების გამოძიება მოითხოვეს.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ განცხადებაც გაავრცელა.

„ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს, ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე მძიმე დღეები იყო, რა დროსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ოპერატორი 5 ივლისის თავდასხმების დროს სიძულვილის ჯგუფებმა სასტიკად სცემეს – მიიღო ტვინის შერყევა, ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

გამოძიებას 5 და 6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ერთი წლის თავზე კვლავ არ გამოუვლენია და შესაბამისად, არ დაუსჯია. პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც. დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში: მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება – ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია.

დღეს ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხდებიან სამიზნე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება, თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები. საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრებიც.

ჟურნალისტებს ეზღუდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი იკვლევენ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის, ბიუჯეტის არასწორი მართვის თუ დანაშაულებრივი საქმიანობის შემთხვევებს. პატიმრობაშია კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის გამამტყუნებელ განაჩენსაც შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. იგი პასუხისმგებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ხელშეშლის თავიდან აცილებაზე. სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები.
  • Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომრავლებული თავდასხმები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები;
  • შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია;
  • გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები.