კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია.
მედიაორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს, 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.
„პუბლიკისთვის“ ცნობილია, რომ ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიუვიდა ანონსი „ფორმულას“ და ჟურნალისტმა მისვლა დააგვიანა, ბრიფინგზე დროულად შესვლა ვერ შეძლო ვერც „ტელეკომპანია პირველმა“ და ეთერში მინისტრის ბრიფინგი „რუსთავი 2-ის“ სტრიმით შევიდა.
მედიაკოალიციისთვის ცნობილია, რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებებსაც.
„TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.