„კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოს მთავრობის საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა და ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვა მკვიდრდება როგორც მანკიერი პრაქტიკა. ამ გზით გრძელდება ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც გამოხატვის თავისუფლებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნაში არაერთხელ გამოვლინდა”. – აცხადებენ კოალიციაში – „მედიის ადვოკატირებისთვის”.
2022 წლის 08 აპრილს ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს ფარგლებშიც. ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული Როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მედიის ნაწილი, მათ შორის, „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მედიის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ: 2021 წლის 17 ივლისს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი არ მიიწვიეს. პრესსამსახურის განმარტებით, ტელეკომპანიები ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი“.
„ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით გამოირჩევა Ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. 2021 წლის 08 დეკემბერს კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის“ წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი“ მედიის წარმომადგენელი. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე, არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერს ასეთივე ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ამ გზით თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას. ის გაურბის ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ესაუბრება საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილს. მთავრობის ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ მწვავე პოლარიზაციას.
კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს ჟურნალისტის უფლებას დაუბრკოლებლად შეასრულოს პროფესიული მოვალეობა, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ადევნოს თვალი მიმდინარე პროცესებს.
საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის სულისკვეთებას.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უარი თქვას მედიის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა”. – ნათქვამია განცხადებაში.