მედიაკოალიცია მოუწოდებს პაპუაშვილს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე თავდასხმა

პუბლიკა

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მორიგ თავდასხმას ეხმაურება.

კოალიციის შეფასებით, პაპუაშვილის განცხადება საფრთხეა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.

„გელა მთივლიშვილი და მისი გუნდი ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიებისა და მამხილებელი სტატიისა და საგანგაშოა, რომ მისი დისკრედიტაცია უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს. Შესაბამისად, არჩეული თანამდებობის პირების, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გელა მთივლიშვილზე თავდასხმა, რომელიც, მრავალი სირთულის მიუხედავად, თანმიმდევრულად და გაბედულად აშუქებს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საკითხებს, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა და მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის შერყევას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ.

საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ჟურნალისტიკის როლი ხელისუფლების ქმედებების კონტროლია, რაც ამ პროფესიას დემოკრატიის შემანარჩუნებელი ინსტიტუტის ფუნქციას აკისრებს. Მედიაზე მიზანმიმართული და გამუდმებული თავდასხმები და ნდობის შერყევის მცდელობა კი დემოკრატიის დასუსტების მცდელობაა.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას, შეწყვიტონ თავდასხმები ჟურნალისტებზე და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, განაცხადა, რომ შოვის სტიქიაზე მისი სტატია „განზრახული ტყუილებითაა სავსე“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალში მოხვდა, რის გამოც მნიშვნელოვანია, გაკეთდეს განმარტება, ვინ იყო საკონკურსო კომისიაში და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირი კონკურსზე.