მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება გამოცემა „ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
კოალიციის განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მედიის წარმომადგენლის დაკავება მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათამდე მოქალაქე.
„აღსანიშნავია, რომ დაკავების საფუძველი – კედელზე წარწერის „იფიცება საქართველო” განთავსება – წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფორმას”. – აცხადებს მედიაკოალიცია და მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ასევე, სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრები”. – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.
მანამდე ამავე საბაბით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი.
განახლება – 01:00
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. თუმცა, რამდენიმე წუთში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს რამდენიმე სხვა პირთან ერთად.