მედიაკოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში „ოცნების“ წევრები თავს ესხმიან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და მედიის წარმომადგენლებს. მედიის ადვოკატირების კოალიცია წერს, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში მედიაგარემოს კიდევ უფრო აუარესებს.
კოალიციის შეფასებით, სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თავდასხმა „მთის ამბებისა“ და მისი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ.
„პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, განაგრძობს „მთის ამბების“ წინააღმდეგ კამპანიას და აგრესიულ რიტორიკას. ის თავს დაესხა რედაქტორს, გელა მთივლიშვილს და მას „თვითგამოცხადებული ჟურნალისტი“ უწოდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, მედია არ აპირებს პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლას, თუმცა „მისი (შალვა პაპუაშვილის) და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”, – აცხადებენ კოალიციაში.
მედიაკოალიცია წერს, რომ პაპუაშვილს აქვს ასევე მცდელობა, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. კოალიციის შეფასებით, საგანგაშოა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებითაც.
„დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, OC Media-ს, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპედის გამოქვეყნებაზე უარის მიღების შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა წერილში, რომლითაც გამოცემის დონორებს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაგამოცემამ პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელს უარის ობიექტური მიზეზები განუმარტა, პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია.
„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო „რუსული კანონის“ მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე „რუსული კანონის“ სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.
თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.