მედიაკოალიცია: საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურის მიერ საქმის შესწავლაზე

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ქართული ოცნების” ლოიალური სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი ჟურნალისტების დევნას.

ორგანიზაციის შეფასებით, საგანანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების განცხადებების გამო პროკურატურის მიერ საქმის შესწავლა.

„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ…

ეს შემთხვევა არ არის იზოლირებული – ეს არის „ქართული ოცნების” მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას. „ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგებით.

არსებობს მრავალი შემთხვევა, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც ააშკარავებენ მაუწყებლის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძისა და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის მიმართ პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ უწყვეტ აქციებთან ერთად, მიმდინარეობს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმის საზოგადოებამდე მიტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), აქტიურად ჩაერთოს არსებულ სიტუაციაში. მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის  ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო და პროპაგანდას და დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.


ბორდის წევრებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ არხის პოლიტიკას, შესაძლოა დაინტერესებულნი არიან „ფინანსებით, ან პოლიტიკური ინტერესით, ან ორივეთ ერთად”.

ბორდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჟურნალისტების საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.