მედიაკოალიცია: ტელევიზიებისთვის „ოცნების" პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა ეთიკური ჟურნალისტიკის დარღვევაა

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომელიც „ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის” და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების – „მთავარი არხის”, „ტვ პირველის” და ტელეკომპანია „ფორმულას” მიმართ „ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ქართული ოცნების“, ქმედებებს, რომელიც ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის.

დამოუკიდებელი მედია საშუალებების – „მთავარი არხის”, „ტვ პირველის” და ტელეკომპანია „ფორმულას” – მიმართ „ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.

„ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 5 ოქტომბერს „მთავარმა არხმა”, „ფორმულამ” და „ტვ პირველმა” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს „ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ ბანერებთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია ტელევიზიებისგან ბანერების ეთერში გაშვებას მოითხოვს. ტელეკომპანიების განცადებით, მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ ხელი შეუწყონ  „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და უარს ამბობენ  „ამორალური” ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ოცნებას” ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.