მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს უცხოელი ჟურნალისტებისთვის საქართველოში შემოსვლის შემთხვევებს და მათ უკანონოსა და გაუმართლებელს უწოდებს.
„ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში ორჯერ დაფიქსირდა, ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას ქვეყანაში.
17 სექტემბერს, ქართულ-სომხური მედია AliQ Media-ს დამფუძნებელი, არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ხარატიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველია. რამდენიმე დღის განმავლობაში ხარატიანს საქართველოში შემოსვლის პრობლემა მეორედ შეექმნა. თუმცა, პირველად, დაყოვნების შემდეგ, მას ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა მისცეს. მას შემდეგ, ხარატიანმა საქართველო დატოვა, კიდევ ერთხელ დაბრუნების უფლება კი აღარ მიეცა.
16 სექტემბერს, საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. ინფორმაცია თავად ბლოგერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ანდრეი მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოში კი მისი მეუღლე და მეორე შვილი რჩებიან. სასაზღვრო პოლიციამ უარი თქვა არშემოშვების მიზეზების განმარტებაზე.
ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ჟურნალისტების შემოსვლას უკანონოდ უშლის ხელს. აღნიშნული დისკრიმინაციული და უკანონო შეზღუდვა, როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შეეხება.
მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ანგარიშვალდებულებისთვის, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის. ასეთი ქმედებები ახშობს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას და ძირს უთხრის საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული საქართველოში კრიტიკული მოვლენების შესახებ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა და გამოიჩინოს მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულება. ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ინფორმირებული დისკურსის ხელშეწყობაში. მედიას, მათ შორის, უცხოელ ჟურნალისტებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე პროცესები დაუბრკოლებლად გააშუქონ, თავისუფლად შემოვიდნენ და გადაადგილდებოდნენ ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.