მედიაკომპანიების პოზიცია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე | რას სთავაზობენ ისინი პარლამენტს

პუბლიკა

ტელეკომპანიები: „მთავარი არხი“,  „კავკასია“, „TV პირველი“,  „ფორმულა“ და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრების კანონპროექტის გამო საპარლამენტო კომიტეტებს წერილით მიმართავენ.

ამ მიმართვის შინაარსის შესახებ მათმა წარმომადგენლებმა დღეს კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრეს, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა.

მათ მიაჩნიათ, რომ ცვლილებები პირდაპირ და უშუალო ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სარეკლამო ბაზარზე. როგორც ისინი წერენ, „მაუწყებლობის შესახებ კანონსა” და „რეკლამის შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებებით ხისტად, დაჩქარებულ ვადებში იცვლება რეგულაციები და, პრაქტიკულად, მინიმუმამდეა დაყვანილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირების შესაძლებლობა მედიასივრცეში, რაც მედიას დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს და ეგზისტენციურ პრობლემებს უქმნის.

„ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხდება უპრეცედენტო სისწრაფით, და მედიის წარმომადგენლებმა გვიან, პრაქტიკულად ბოლო მომენტში შეიტყვეს ამის თაობაზე, კანონპროექტი შემუშავებული იქნა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. მედიის წარმომადგენლებს საშუალება წაგვერთვა სიღრმისეულად განგვეხილა კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები”, – წერენ მედიაკომპანიები წერილში.

წერილში ისინი მიმოიხილავენ საქართველოს პარლამენტის გამოცდილებას მაგარი სპირტიანი რეკლამების შეზღუდვასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი სამაუწყებლო ცვლილებების ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ დანერგვის მაგალითს, და აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პრაქტიკას, რომელზეც მიაჩნიათ, რომ რეგულაციების ცვლილების ეტაპების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

აღნიშნული მაგალითების გათვალისწინებით, ისინი პარლამენტს რეკლამის აკრძალვის დაწესების შესაძლო ეტაპებსა და ფორმებს სთავაზობენ. კერძოდ:

  1. „მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას ის პრინციპი, რომლის საფუძველზეც მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამის აკრძალვა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად განხორციელდა. ვინაიდან ასეთი საკანონმდებლო პრაქტიკა უკვე არსებობს, შესაძლებელია აზარტული თამაშების კონტექსტშიც ეს მიდგომა გავავრცელოთ.
  2. შესაძლებელია დაწესდეს საათობრივი შეზღუდვები (წყალგამყოფი დრო) და განისაზღვროს დღე-ღამის ის მონაკვეთი, რა პერიოდშიც დასაშვები იქნება რეკლამის განთავსება.
  3. შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვები რეკლამის შინაარსობრივ ნაწილზე, სადაც კონკრეტულად გაიწერება აკრძალვები, მაგალითად აიკრძალება პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, ფრაზები „მოდი და ითამაშე…“ „გარანტირებული მოგება…“ და ა.შ.)
  4. შესაძლებელია განისაზღვროს რეკლამის დრო, რა ქრონომეტრაჟის რეკლამა იქნეს დასაშვები.
  5. თუკი რეკლამის განთავსება მოხდება პროგრამაში, ასეთ შემთხვევაში გადაცემის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს შესაძლოა ამონათების, ან ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, გაფრთხილების სახით მიეთითოს, რომ შესაბამის გადაცემაში ხდება აზარტული თამაშების რეკლამირება.
  6. აგრეთვე, სოციალურად პასუხისმგებლიანი რეკლამის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა გაჟღერდეს სლოგანი, რომელიც მაყურებელს შეახსენებს აზარტული თამაშებიდან მომდინარე საფრთხეს და მოუწოდებს მათ სიფრთხილისკენ. (მაგ. გაფრთხილება, რომ პროგრამა შეიცავს აზარტული თამაშების რეკლამას, თამაში იწვევს დამოკიდებულებას და/ან სხვა).
  7. მნიშვნელოვანია მედიასთან მიმართებაში კანონში ცვლილების შეტანის დროს საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინება.
  8. საერთო ჯამში, კანონი უნდა ამოქმედდეს გონივრულ ვადაში, იმგვარად, რომ მედიას ჰქონდეს საკმარისი დრო ცვლილებებთან ადაპტაციისთვის”, – ვკითხულობთ წერილში.

კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ, ვინაიდან მოისმინეს მედიაკომპანიების ჩივილი, რეკლამასთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ” კანონის ამოქმედების ვადას 2022 წლის მარტამდე გადასწევენ.

როგორც სხდომაზე „მთავარი არხის” იურისტმა, თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული პერიოდი ტელევიზიებისთვის, რეალურად, შეღავათის მიმცემი ვერ იქნება და ამ მოკლე დროში ისინი გადაწყობას ვერ შეძლებენ.

„ჩვენი წელი მთავრდება 15 იანვარს. რეალურად, პირველ მარტამდე მოგვეცით თვე-ნახევარი. სატელევიზიო სექტორისთვის ეს მართლა არაფერს არ ნიშნავს. ვერ გადავეწყობით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სხვა სეგმენტი, რომელიც ჩაანაცვლებს იმ ხვრელს, ამ ცვლილებებით რომ გაჩნდება. 

ამიტომ მოვითხოვდით, რომ რაღაც გონივრული ვადა მაინც ყოფილიყო, ამიტომ გითხარით, რომ, თუ ახლა გინდათ ამოქმედება, კი ბატონო, აამოქმედეთ. უბრალოდ, ეტაპობრივად მაინც აამოქმედეთ და რაღაც ვადის შემდეგ ტოტალურად აკრძალეთ. ეს იყო საქმიანი წინადადება, რომელიც არ გაითვალისწინეთ”, – ამბობს მურადაშვილი.


საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების შესახებ ახალი რეგულაციების დასაწესებლად კანონპროექტის განხილვის ეტაპზეა. საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე კანონპროექტისგან შედგება, მისი ერთი ნაწილი კი მოიცავს ცვლილებებს რეკლამისა და მაუწყებლობის შესახებ კანონშიც.