მედიაომბუდსმენი: შეისწავლეთ მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ფაქტები

პუბლიკა

მედიაომბუდსმენი ეხმაურება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას და მიუთითებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებას, შეისწავლოს დაკავების პროცესში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები.

„2024 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.

მეორედ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში. როცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაომბუდსმენი მოითხოვს:

  1. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;
  2. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

ამასთან, მედიაომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი.


აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.

მანამდე ამავე საბაბით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი.

რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს.

თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

„ბათუმელების” ცნობით, გამომძიებელმა ამაღლობელის ოჯახს აცნობა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთლიანობაში, საიას აჭარის ფილიალის უფროსის, თამარ წულუკიძის თქმით, დაკავების ოქმი 12 ადამიანზე შედგა.