მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

„ბათუმს ევროპული საბჭოს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან!

ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!

ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!

რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა, “- წერს ის.

პრეზიდენტის თქმით, ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება საქართველოს ერთ უალტერნატივო არჩევანზე – გზა ევროპისკენ.

„სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა, “- წერს ის.