მედიები: ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს

პუბლიკა

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული გამოცემა Iran International და გერმანული გაუწყებელი „დოიჩე ველე“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიების ცნობით, გადაწყვეტილება 88 პირისგან შემდგარმა „ექსპერტთა ასამბლეამ“ მიიღო ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზეწოლის შედეგად. 88-წევრიანი ორგანო ისლამური სამართლის სპეციალისტებად მიჩნეული პირებისგან შედგება და მას ირანის მოქალაქეები რვა წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ბოლო არჩევნები 2024 წელს ჩატარდა.

ირანის ხელისუფლებასა და სახელმწიფო მედიას მოჯტაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევა ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებიათ.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

აიათოლა ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი 1989 წლიდან იყო.

ვინ არის მოჯტაბა ხამენეი?

Iran International-ის ცნობით, მოჯტაბა ხამენეი 55 წლის არის და ის ირანის მმართველ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ  იშვიათად ჩნდება საჯაროდ და პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს ყოფილა.

წლების განმავლობაში მოჯტაბა ხამენეი უზენაესი ლიდერის ადმინისტრაციაში საქმიანობდა, სადაც მამის, ალი ხამენეის ირგვლივ „კარიბჭის მცველისა“ და ძალაუფლების პირებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მოჯტაბა ხამენეიმ წლების განმავლობაში თანდათან განიმტკიცა გავლენა რეჟიმის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და სასულიერო სტრუქტურებში.

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და საინფორმაციო ქსელის (Middle East Political and Information Network) დირექტორმა, ერიკ მანდელიმ, Iran International-თან საუბარში განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი თეირანის ძალაუფლების სისტემაში ცენტრალური, თუმცა გაუმჭვირვალე ფიგურაა.

მისი თქმით, მოჯტაბა ხამენეი წლების განმავლობაში კულისებს მიღმა მოქმედებდა, ამყარებდა მჭიდრო კავშირებს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან და აძლიერებდა თავის პოზიციებს რეჟიმის ძალაუფლების სტრუქტურაში. მანდელის შეფასებით, ის ფართოდ განიხილება, როგორც რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი.

Iran International წერს, რომ 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის პერიოდში მოჯტაბა ხამენეი მსახურობდა ჰაბიბის ბატალიონში — სამხედრო დანაყოფში, რომელიც, ძირითადად, მოხალისეებისგან შედგებოდა და ისლამური რესპუბლიკის ადრეულ რევოლუციურ სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. ბატალიონი მოქმედებდა IRGC-სთან დაკავშირებული ძალების ფარგლებში და მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჰაბიბის ბატალიონში მსახურებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოჯტაბა ხამენეის შემდგომი გავლენის ჩამოყალიბებაში. მასთან ერთად მებრძოლი არაერთი პირი მოგვიანებით ირანის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა, მათ შორის — იმ სტრუქტურებში, რომლებიც IRGC-ის სადაზვერვო მიმართულებებსა და რეჟიმის დაცვისთვის პასუხისმგებელ უსაფრთხოების ერთეულებს ხელმძღვანელობენ.

დამკვირვებლების აზრით, სწორედ ამ ომისდროინდელმა კავშირებმა შეუწყო ხელი მოჯტაბა ხამენეის მყარ და ხანგრძლივ პოზიციონირებას.

ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკური ოპონენტები წლების განმავლობაში მოჯტაბა ხამენეის ადანაშაულებდნენ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართულ ძალოვანი ქმედებების კოორდინაციაში, თუმცა აღნიშნული ბრალდებები ოფიციალური დადასტურების გარეშე რჩება.


ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები 28 თებერვალს, დილის საათებში დაიწყეს.

ერთ-ერთი პირველი საჰაერო იერიში მათ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე მიიტანეს, რის შედეგადაც ირანის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი დაიღუპა. მასობრიი საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა  ირანის სამხედრო და პოლიტიკური მაღალი თანამდებობის არაერთი პირიც. აშშ-ში მოქმედი ირანული უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიხედვით, დაღუპულია 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეც.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ 1700-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, რომელშიც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებიც ჩაერთვნენ.

ირანთან დაპირისპირებას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, აშშ-მა ქუვეითის მხრიდან „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად დაკარგა სამი თვითმფრინავი.

ირანმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ აშშ-ის ბაზებსა და ისრაელს, ასევე – ინდუსტრიულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბაჰრეინში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, რამდენიმე თავდასხმა დაფიქსირდა ერაყში, სირიასა და კვიპროსზეც.