მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, პარლამენტში ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - TI

პუბლიკა

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ამბობენ, რომ  ჟურნალისტურ საქმიანობაში სისტემური ხელის შეშლა გაამყარა 2023 წელს აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა, რამაც აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი.

მათივე ცნობით, აკრედიტაციის ახალ წესს გამოეხმაურა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (Committee to Protect Journalists) და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა,  შეცვალოს რეგულაცია. სამოქალაქო სექტორმა გააკრიტიკა პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის განახლებული პროცედურების ამოქმედება, რომელიც წინასწარი განხილვების გარეშე მიიღეს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, რეგულაციების შეცვლისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი ახალ წესს კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვისთვის გამოიყენებდა.

„თეორიულად, მედიის აკრედიტაცია სწორედ მეტი გამჭვირვალობისა და პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმია, თუმცა ავტორიტარულ რეჟიმებში ის შესაძლოა გამოყენებული იყოს მედიაზე კონტროლისა და ზეწოლის გასაძლიერებლად. ამისთვის, პირველ ეტაპზე, აკრედიტაციის პროცედურები უფრო ბიუროკრატიული ხდება და შემდეგ, სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცევა.

დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი ეხმარება უწყებას გახდეს უფრო გამჭვირვალე, ხოლო მედიას –  მოიპოვოს საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია. Საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეში დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეგულაცია სადამსჯელო მექანიზმია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის და ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას.

მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ  კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის. კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროებით, ხელისუფლება იგნორირებას უწევს ღია მმართველობის პლატფორმის მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს, რის შედეგადაც რეალურად შეჩერებულია OGP- ის ეროვნული პროცესი და მნიშვნელოვანი რეფორმები“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

როგორც TI-ში ამბობენ, ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის ტრადიციულ ფორმებზე (ინტერვიუს საქმიან ფორმატში ჩაწერაზე, გადაცემებში სტუმრობასა და ჩართვებზე, დებატებში მონაწილეობაზე) უარს აცხადებენ.

„ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პროფესიული საქმიანობისას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების (განსაკუთრებით ექსკლუზიურ და/ან საგამოძიებო მასალებზე მუშაობისას) ერთადერთი იძულებითი არჩევანი“ დერეფნებში დადევნების პრაქტიკა” დარჩა. ეს ფორმა შესაძლოა იწვევდეს მედიის დისკრედიტაციას, დაკნინებას და ამასთან, ქმნიდეს დამატებით საბაბს, რომ ახალი წესით ჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდოს.

საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამკვიდრებული პრაქტიკა შეიცავს მედიაში თვითცენზურის გაზრდის რისკებს და იქონიებს მსუსხავ ეფექტს. ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, ართულებს კრიტიკული ინფორმაციის თავისუფლად დინებას და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“, – ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს მეტი ღიაობა (მათ შორის: პროფესიული სტანდარტების ფორმატში ითანამშრომლოს კრიტიკულ მედიასთან, განათავსოს ვებგვერდზე ინფორმაცია აკრედიტებული ჟურნალისტების შესახებ, კანონით დადგენილი წესით დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია და სხვ.), დაუყოვნებლივ შეცვალოს ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი და კრიტიკული მედიის შევიწროების დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა.


ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 12 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტს მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც შეეხებოდა „პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ საფუძველზე არსებულ მდგომარეობას. პარლამენტმა არ უპასუხა ჩვენს კითხვებს, კერძოდ: რამდენი მედიასაშუალების წარმომადგენელია აკრედიტებული პარლამენტში (აკრედიტებული ჟურნალისტების სია არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი პარლამენტის ვებგვერდზე),  რამდენ მედიასაშუალებას ეთქვა უარი აკრედიტაციაზე, მედიის რამდენ წარმომადგენელს (ჟურნალისტს, ოპერატორს და სხვ.) შეუჩერდა საპარლამენტო აკრედიტაცია და სხვ.

საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკრედიტაციის წესის ამოქმედებიდან აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს. მათ შორის:

  • მარტში აკრედიტაცია შეუჩერდათ „პუბლიკის“ სამ ჟურნალისტსა და „ტაბულას“ რედაქტორს (ამათგან, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ „პუბლიკის“ ორ ჟურნალისტსა და „ტაბულას“ რედაქტორს პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია აღუდგინა);

  • აპრილში აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს;

  • მაისში: აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს.