მედიის ცნობით, ბჟანია „საინვესტიციო შეთანხმების" პროექტის უკან გაწვევაზე დოკუმენტს ამზადებს

პუბლიკა

დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს.

როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.

„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. „შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.