მედიის დამატებითი რეგულირების საჭიროება არ არსებობს - კოალიცია ბექაურის განცხადებას ეხმიანება

პუბლიკა

„კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს“,,- ნათქვამია „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადებით მედია სივრცეში არსებობს პოლარიზაცია და ცალკეული მედიები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რასაც კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამან კი, ბექაურის განმარტებით, ტელევიზიებს საშუალება მისცა, ფაქტები დაამახინჯონ და არ აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც მედიის მიერ მაყურებლების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და ამით ქვეყანაში „ეს ტემპერატურა დაცხრება“.

კოალიციის შეფასებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებაზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომისიას აღნიშნული რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოჰყავს, თუმცა, თუ საქართველოს მედიაგარემოსა და პოლიტიზებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ რეალურად, მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

„დღევანდელი ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც კრიტიკული მედიის მფლობელის, მენეჯერისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები, ათობით ჟურნალისტი ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ტოტალური უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად.

სახელმწიფო უწყებების სრული პოლიტიზებისა და მათზე მმართველი პარტიის ზეგავლენის ფონზე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მარეგულირებელს ან სხვა სახელმწიფო უწყებას დამატებით ბერკეტს მისცემს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს“, – ნათავამია განცხადებაში.