საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება. მიშა მშვილდაძის თქმით, დღეს ქუჩაში უცნობი პირები მოულოდნელად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჯურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ თავდასხმის ფაქტი და აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკაა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი.
ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიშა მშვილდაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ უცნობი პირი მოულოდნელად დაესხა თავს და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ მშვილდაძის თქმით, ის დაეცა და სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ კიდევ დაერტყა.