„მედიის პოგრომი“ - მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას სხვადასხვა ჭრილში აფასებს. კვლევის ავტორების თქმით, გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები.

მათივე ცნობით, შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. კერძოდ, დოკუმენტი მომზადდა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, ფაქტების მოძიება, სოცქსელების მონიტორინგი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება და კანონმდებლობის ანალიზი.

მედიაკოალიციის ინფორმაციით, დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა.

ასევე, განხილულია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

დოკუმენტის მიხედვით, მედიაზე თავდასხმის წინაპირობა გახდა ხელისუფლების მხრიდან ულტრამემარჯვენე ჰომოფობიური ჯგუფების წაქეზება, ასევე „ალტ-ინფოს“ ეთერებიდან გაკეთებული ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური ულტრამემარჯვენე საჯარო მოწოდებები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო უსაფრთხოების სათანადო ზომები და არ გამოიყენა სათანადო საპოლიციო ზომა. მედიაკოალიციის შეფასებით, 2021 წელს საქართველოში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.

მედიაკოალიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს პირდაპირი ეთერებიდან ჩანდა, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ აღადგენდნენ წესრიგს.

მედიაკოალიციის დაკვირვებით, 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე დაშავდა, ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი, ქონებრივი ზიანი მიადგა 10-მდე მედიასაშუალებას, თუმცა მუშაობაში ხელი არ შეშლია რუსულ და რუსულენოვან მედიას.

ანგარიშის მიხედვით, 5-6 ივლისს ჟურნალისტთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები, თუმცა, მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან გაცილებით ადრე დაიწყო და ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ ივლისის მოვლენების დროსაც გამოვლინდა.

მედიაკოალიციის განცხადებით, ანგარიშის გამოცემის დროისათვის არ არის შესაძლებელი სრულყოფილად შეფასდეს გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობა, რადგან არ დასრულებულა სისხლის სამართლის საქმის მასალების სრული ანალიზი.

„ამასთანავე, არასრულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოსაგან კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოწოდებული ინფორმაცია. დაზარალებულთა ინტერესების დამცველმა ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს შსს-ს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმის მასალების გაცნობის თხოვნით. თუმცა, ამ დრომდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ანალიზით ნათელია, რომ გამოძიება არ არის ეფექტური დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის, მათ შორის, ორგანიზატორების იდენტიფიცირების და მათთვის ბრალის წარდგენის ნაწილში.

ასევე არ დაწყებულა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად. ბუნდოვანია, რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება და მოქმედებები მოვლენების ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში მედიაკოალიცია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას აფასებს.

კერძოდ, გაანალიზებულია, როგორ შეისწავლა კომისიამ „ალტ-ინფოს“ კონტენტი, ცნო სამართალდამრღვევად, თუმცა ამავე დროს სანქციისგან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისიამ არ იმსჯელა ძალადობისკენ მოწოდების საკითხებზე და აქცენტი გააკეთა უხამსობაზე (რომელიც სამოქალაქო სექტორის მიერ ასევე კრიტიკულად შეფასებული პრაქტიკაა) და არა ძალადობის სავარაუდო ტირაჟირებაზე, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას. ამასთან, კომისიამ შეისწავლა მხოლოდ რამდენიმე დღის ეთერი და არ მიიღო მხედველობაში ფართო კონტექსტი.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება ფორმალურად და ზედაპირულად ჩაატარა. მაშინ, როდესაც კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 (საქმის გარემოებათა გამოკვლევა) მუხლის თანახმად, „ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“, – წერია ანგარიშში.

მედიაკოალიცია კრიტიკულად აფასებს 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლების პასუხს მედიის წარმომადგენლებისადმი.

ანგარიშის ერთი თავი ასევე ეთმობა სასულიერო პირების ჩართულობას.

მედიაკოალიციის შეფასებით, 2021 წელს მნიშვნელოვნად მოიმატა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების რიცხვმაც.

„მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს“, ვკითხულობთ ანგარიშში.

რეკომენდაციები

მედიაკოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

საქართველოს პარლამენტი

  • საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობა

  • საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას;
  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე და უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა და შემსრულებელ პირთა გამოვლენა;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • 5 ივლისის მასშტაბური ძალადობის გათვალისწინებით, სამართალდამცავი უწყებისათვის შექმნას სპეციალური ინსტრუქცია მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე. პროკურატურამ უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენა. მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებთან დაკავშირებით; –
  • ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის აღმკვეთი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოძიება, და შეისწავლოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

„მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშს ვრცლად გაეცანით ბმულზე.

ᲙᲝᲐᲚᲘᲪᲘᲐ „ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ“ ᲬᲔᲕᲠᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ: IDFI, ლიბერალური აკადემია თბილისი, მედიაკლუბი, MDF, მედიის უფლებები, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, სატელევიზიო ქსელი, TI – საქართველო, საია, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, GDI, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, უფლებები საქართველო, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ღია საზოგადოება, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია