მედიის ადვოკატირების კოალიცია მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება. მიშა მშვილდაძის თქმით, დღეს ქუჩაში უცნობი პირები მოულოდნელად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიაკოალიციის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება.
„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.
ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ“, – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიშა მშვილდაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ უცნობი პირი მოულოდნელად დაესხა თავს და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ მშვილდაძის თქმით, ის დაეცა და სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ კიდევ დაერტყა.