მედიის წარმომადგენლები პრემიერს პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ

პუბლიკა

„თავისუფლება ნიკას!“ „ნიკა გამოუშვით!“, „სამარცხვინო!“, „მოდი, დაგველაპარაკე“ – ამ შეძახილებითა და ბანერებით მედიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახვდნენ, რომელიც პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე საპასუხოდ მივიდა.

ჟურნალისტები პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან შეიკრიბნენ, თუმცა პრემიერი პარლამენტის ეზოში სხვა შესასვლელიდან მანქანით შევიდა და მათ მთავრობის მეთაურთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოახერხეს.

როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მიხეილ სესიაშვილი აცხადებს, მათი აქციის მთავარი სათქმელი იყო, რომ ისინი ქვეყანაში დემოკრატიის დასრულებასა და მედიაზე ზეწოლას არ შეეგუებიან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი აცხადებს, რომ 5-მა ივლისმა და ნიკა გვარამიას დაკავებამ წაშალა ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის, რადგან საქართველოში მედიის თავისუფლება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.

„უნდა გავიაზროთ კონტექსტიც, 3 კვირა გვაშორებს პასუხამდე, მოგვცემენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო, მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.

ფოტო: გიორგი კიკაბიძე, „ფორმულა“

ჟურნალისტების პროტესტის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ლოჟა ჟურნალისტური საქმიანობისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დღეს ცხადი გახდა, რომ მედიის ნაწილი ნაცვლად ახალი ამბების გაშუქებისა, ახალ ამბებს ქმნის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში „ლელოს“ შეკითხვების საპასუხოდ იმყოფება.