მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს | ოქრიაშვილი

პუბლიკა

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრმა, კახა ოქრიაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა შეკითხვა მედიკამენტების ფასზეც დაუსვა.

ოქრიაშვილის თქმით, მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სახელმწიფოს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტი ევროპაშიც ძვირია, მაგრამ მოსახლეობა სიძვირეს ვერ გრძნობს, რადგან მოსახლეობა დაზღვეულია.

„მედიკამენტების ფასი აწუხებს ყველას. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მედიკამენტები არის ის მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს. მინდა, გითხრათ, რომ დასავლეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, ვინაიდან ყველა დაზღვეულია.

ჩვენი მომავალია დაზღვევა. უნდა გამოვიდეს იმ ვითარებიდან, რაშიც ვართ და უნდა შეიქმნას საყოველთაო, სავალდებულო სადაზღვევო პროგრამა, როცა ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული და მათ შორის უზრუნველყოფილი ყველა მედიკამენტით. ადამიანი 20-ლარიან მედიკამენტში, პირობითად, გადაიხდის 4 ან 5 ლარს.

ეს არის გზა, რომ ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გავზრდოთ. თვითონ სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სტრუქტურებს რომ ძვირი არ დაუჯდეთ მედიკამენტები, ვინმემ რომ არ თქვას, აი, ახლა ფარმაცევტები გამდიდრდებიანო, აუცილებლად ელექტრონული ტენდერით უნდა მოხდეს ამ პროგრამისთვის მედიკამენტების შესყიდვა და დანარჩენი სამედიცინო მომსახურების“. – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო დმანისის საარჩევნო ოლქში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში.

ოქრიაშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელმაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ის ერთ-ერთია მილიონერი დეპუტატების სიაში. არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და წლების განმავლობაში შპს „პსპ-ს“ გენერალური დირექტორი იყო.