მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა,გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას სჭირდება დიდი დრო, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო სისტემაში 8 წლის წინ. მისივე თქმით, ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე, როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება.
„პირველი ამოცანა იყო ელემენტარულად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის; სიცოცხლის პრობლემა იყო პრობლემა. შესაბამისად, ამის პასუხი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც განხორციელდა. არც საყოველთაო ჯანდაცვაა დღეს იდეალური. მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს რეფორმირება, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაწყებულია, თუმცა ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე, როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება.
ეს ორი მონაცემი, ორი გამოწვევაა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომელსაც მან უნდა უპასუხოს უახლოეს მომავალში. ინსტრუმენტები შეიძლება აქ იყოს სხვადასხვა, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს. თუ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე.
ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც, შემიძლია, გითხრათ, რომ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში გადავდგამთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს კრიზისის პირობებში, როდესაც სოციალური დახმარება ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მაშინ, როდესაც ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა და ნელ-ნელა გადაადგილდებიან სოციალური იერარქიით, ერთი ნაბიჯით ქვემოთ, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება – ხელი შევუწყოთ ადამიანებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში“, – განაცხადა გახარიამ.
მედიკამენტების შესახებ ფრაქციის სხდომაზე შეკითხვა დიმიტრი ხუნდაძემ დასვა:
„ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯზე მოდის – 70% არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასი ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა, ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა. არც ეს არ იქნება საკმარისი. საჭიროა მთავარი – ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა მან.