„მედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ, არ არის ხელმისაწვდომი და დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში“ – „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
კალოიანის თქმით, ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ვაქცინასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება და დიდ ქალაქებში პრაქტიკულად აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები აიცრან.
ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაიზარდოს ამცრელი პუნქტების რაოდენობა, რათა გაადვილდეს მოქალაქეებისათვის ვაქცინის ხელმისაწვდომობა და ვაქცინაცია ტექნიკურად უფრო მარტივი გახდეს.
კალოიანი ასევე შეეხო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის კონკრეტული მედიკამენტის არახელმმისაწვდომობას და მთავარ პრობლემად ბიუროკრატიული ბარიერი დაასახელა. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მოხდეს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, რათა მედიკამენტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
„ბოლო დროის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოქალაქეების მზადყოფნა ვაქცინაციისათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ისევ ვერ შეძლო ბოლომდე უზრუნველყო ლოჯისტიკა, დღესდღეობით არცერთ დიდ ქალაქში აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები დარეგისტრირდენ, მივიდნენ და აიცრან. სამწუხაროდ, ეს არის ცუდი დაგეგმვის და რაოდენობის არასწორი გათვლის შედეგი, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაზარდოს ამცრელი პუნქტები და გააადვილოს ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, გახადოს ვაქცინაცია ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად შესასრულებლად.
მეორე – კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ძალიან ხშირად ესაჭიროებათ მედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც რეალურად არ არის ხელმისაწვდომი, ის დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან ის საჭირო არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის, ძალიან სწრაფად. ბიუროკრატიულ ბარიერებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს აქვს შექმნილი კომისია და ნაცვლად იმისა, რომ კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია გააკეთოს, დაახლოებით 5 რგოლი უნდა გაიაროს კლინიკამ, რათა ეს მედიკამენტი მიიღოს, რაც შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ გააკეთოს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, იზრუნოს მასზე, აქტიურად იმუშაოს, რადგან პაციენტების მზარდ რაოდენობას, რომელთა დიდი ნაწილიც იქნება კრიტიკული, აუცილებლად ესაჭიროება ეს მედიკამენტი და ამის დაგვიანების ფასი არის ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა კალოიანმა.