მედპერსონალი, სასულიერო პირები, თავდაცვის ძალები - ვის ჩაუტარდება პერიოდული ტესტირება კორონავირუსზე

პუბლიკა

რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი შეიცვალა, რაც, სპეციალისტების განმარტებით, გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომელთაც კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.

პროტოკოლში საუბარია იმ რისკჯგუფებზე, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ ტესტირებას და ასევე იმაზე –  რომელი ჯგუფისთვის რომელი ტესტის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

ჩამონათვალში არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოჩენისთანავე უტარდებოდათ ტესტირება, ეს არის მაღალი რისკის ჯგუფის კონტიგენტი. დეტალური აღწერა იხილეთ ამ ბმულზე.

სიახლეა ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდნენ შემდეგი ჯგუფები: მედპერსონალი; ასევე – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; პენიტენციურ დაწესებულებებსა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი პირები; თავდაცვის ძალები; სტაციონარულ ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფი პირები;  საეკლესიო პირები; მონასტრები და სხვა.

ამ დოკუმენტით არ ირკვევა, როდიდან დაიწყება ამ ჯგუფების ტესტირება და რა პერიოდულობით ჩატარდება ტესტები.

როდიდან უნდა დაიწყოს ამ ჯგუფების ტესტირება და რა პერიოდულობით? ეს შეკითხვა ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დავუსვით. მისი თქმით, ტესტირება, ნაწილობრივ, უკვე ტარდება მედპერსონალში, სხვა ჯგუფებში კი, რომლებიც ზემოთ აღწერილი დოკუმენტით განისაზღვრა, ტესტირება დაიწყება როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება ტესტები.  შეკითხვაზე – რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ამ ჯგუფებში ტესტირება? – ბუწაშვილმა გვიპასუხა ორ კვირაში ერთხელ.

ვრცლად კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმზე წაიკითხეთ ამ ბმულზე.