მედროვე ბოჭორიშვილი ევროპაში 2012 წელს ამბობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო - სამადაშვილი

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ დეპუტატი უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა რუსული ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ევროინტეგრაცია.

სალომე სამადაშვილმა ბოჭორიშვილს მედროვე უწოდა და გაიხსენა, რომ უმრავლესობის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ ყოფილი მთავრობის წევრი იყო და ივანიშვილს აკრიტიკებდა.

„სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ევროკავშირში ჩვენს მისიაში. დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.

სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“ – მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს – „ოცნების“ მსახური და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა.

ამიტომ არის დღეს რაც აქ მოისმინეთ ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც გითხრათ თქვენ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა აქ, ამ დარბაზში რამდენიმე დღის წინ.

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე და მეორე ხელით მიიღო „რუსული კანონი“, რომ ჩაეშალა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რაც არ გაგივიდათ“, – მიმართა მმართველ პარტიას სალომე სამადაშვილმა.


სამადაშვილის გამოსვალმე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის ინტერესების გატარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ არსებობს არც „რუსული კანონი“ და არც „რუსული ოცნება“, ოპოზიციამ კი ყველაფერს „რუსული“ დარქვა და „ჩრდილოელი მეზობელი გაუფასურებულ იარლიყად აქცია“.

„საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული.

სინამდვილეში, არც „რუსული კანონები“ არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც „რუსული ხელისუფლება“, როგორც ამას ცდილობთ რომ წარმოაჩინოთ, არც „რუსული ოცნება“, რომელზეც ალბათ თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის „პუტინის პატიმარი“. სინამდვილეში არსებობს „რუსული მიზანი“, რომელსაც ზოგი შეგნებულად, ზოგიც ალბათ გაუცნობიერებლად, ერთგულად ემსახურებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია და სინგაპურიზაცია, რასაც წინა ხელისუფლება აცხადებდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრება ვერ მოხერხდა.