რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საქართველო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მარიონეტს უწოდებს და არჩევნების შედეგების არაღიარების გამო, მის „გადაყენებასა და დაჭერაზე” მიუთითებს.
„საქართველოს პრეზიდენტ-მარიონეტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ჩვეული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში – თანამდებობიდან გათავისუფლება ან დაკავებაა”, – წერს მედვედევი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
„ყველამ ერთად და თქვენი დახმარებით, უნდა შევქმნათ სრული სურათი, თუ როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
არჩევნების პირველად შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ისინი პარლამენტში შესვლაზეც აცხადებენ უარს.