მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
„შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის”, – წერს პრემიერ-მინისტრი ტვიტერზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.