მეგან მარკლის თქმით, მისი ვაჟი – არჩი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.
ტელეკომპანია CBS-ის ეთერში, ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს სასექსის ჰერცოგინია ჰყვება, რომ სამეფო ოჯახში ჯერ კიდევ მისი შვილის დაბადებამდე ნერვიულობდნენ, თუ „რამდენად მუქი კანის ფერი ექნებოდა მის შვილს, როცა დაიბადებოდა“.
მეგან მარკლის თქმით, მისი კანის ფერი იყო მიზეზი, თუ რატომ არ მისცეს მის ვაჟს პრინცის ტიტული. მისი თქმით, სამეფო პრივილეგიებით სარგებლობა მისი კანის ფერის გამო „პროტოკოლიდან გადახვევად აღიქმებოდა“.
მეგანი ამბობს, რომ მისი ვაჟის კანის ფერზე შეშფოთებას სამეფო ოჯახის წევრები მის ქმართან, პრინც ჰარისთან გამოხატავდნენ, თუმცა არ ასახელებს, კონკრეტულად ვისგან იღებდა ასეთ დამოკიდებულებას.
მარკლის ნათქვამი ინტერვიუში ჰარიმაც დაადასტურა და თქვა, რომ იმ დროს ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ სურს. ჰარის თქმით, მისთვის ძალიან მტკივნეული იყო ისიც, რომ მედიისა და საზოგადოების ნაწილის რასისტული თავდასხმების დროს ოჯახის არც ერთმა წევრმა არ დაიცვა.
მეგან მარკლი კი დასძენს, რომ სამეფო ოჯახში ცხოვრება მისთვის იმდენად გართულდა, თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა.