საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოშია უკვე ექსტრადირებული, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.
ქარდავა წერს, რომ არ აპირებს ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს.
„ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსვამ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს.
პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას, თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – წერს ქარდავა.
ამავე განცხადებაში ისტორიულ ღალატს უწოდებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომელიც, მისი შეფასებით, „რუსეთს წმენდს ნამუსს“.
„უბრალოდ სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს და რომლებიც თუნდაც თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი „პატარა“ ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, „მოსადის“ ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ“, – წერია განცხადებაში. [სტილი დაცულია]
მეგის ქარდავას ექსტრადირება საქართველოში 17 სექტემბერს განხორციელდა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2013 წლიდან ძებნილი მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი 5 საქმეზე მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.