მეგის ქარდავამ განაცხადა, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლო დარბაზი დატოვა

პუბლიკა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა.

„მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით.

არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა პროცესზე მეგის ქარდავამ. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

საქალაქო სასამართლოში დღეს მისი ერთ-ერთი ბრალდების განხილვა მიმდინარეობს.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ქარდავას ბრალი წარდგენილი აქვს პატიმრების ლდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიასა და კობა მატკავას წამების საქმეზე. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მეგის ქარდავას ექსტრადირება საქართველოში 17 სექტემბერს განხორციელდა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2013 წლიდან ძებნილი მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი 5 საქმეზე მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.