მეგობრების ცნობით, „თბილისში გაიტაცეს“ უკრაინის მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეები

პუბლიკა

მეგობრები დახმარებას ითხოვენ თბილისში გაუჩინარებული უკრაინის მხარდამჭერი ორი რუსი აქტივისტის მოსაძებნად. მათი ცნობით, თბილისში მცხოვრები ვოლოდიმირ დუბოვსკის და მისი შეყვარებული, ალინა საველიევა 26 ნოემბერს „გაიტაცეს“.

„გუშინ საღამოს თბილისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებელი ვოლოდიმირ დუბოვსკი და მისი შეყვარებული ალინა საველიევა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია“, – ამ განცხადებას ავრცელებს მოძრაობა „უკრაინელთა ერთობა ისტორიული მიწებიდან“. მათივე ცნობით, დუბოვსკი და საველიევა მოძრაობა „მწვანე სოლი – ჩემი სამშობლოს“ ლიდერები არიან. 

„პუბლიკამ“ ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა – ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

საჯარო წყაროების მიხედვით, ვოლოდიმირ დუბოვსკი ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო ვლადივოსტოკში. მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ დუბოვსკი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა. 

საქართველოში ცხოვრებისას შექმნა რუსეთის ომის საწინააღმდეგო საინიციატივო ჯგუფი „რუსები საქართველოში“. ომის დაწყების შემდეგ ის ღიად უჭერდა მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რის გამოც ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტები აკრიტიკებდნენ. მას რამდენიმე მათგანმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც დასდეს ბრალი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

განახლება: ისინი შსს-მ სისხლის სამართის წესით დააკავა.