პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3-%-მდე დაწევის ინიციატივა შეაფასა და „ოცნებასთან“ გამართული „კულუარული“ მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
„ეს რა გააკეთეს, არ ვიცი – 113 ადამიანი არ არსებობს ბუნებაში, ჩვენც რომ შევიდეთ 113 ადამიანი ვერ ვიქნებით პარლამენტში. თუ არაა 113 ადამიანი, რატომ აინიცირებენ საერთოდ ამ ცვლილებებს. ეს რომ იყოს ბუნებრივი ბარიერი, ჩვენ ხომ ისედაც შევიდოდით. ჩვენ კი არა, დარწმუნებული ვიყავით, რომ სხვებიც შემოვიდოდნენ. მაგრამ ეს არ უნდა „ქართულ ოცნებას“. ამ წინადადებების შინაარსი ჩვენ არ გვესმის. ეს კიდე მოიცავს მეორე საკითხს, ფრაქციების დაპატარავებას – ეს ამ კრიზისში პრიმიტიულ მოსყიდვას ჰგავს. ნუთუ ასეთი მარტივი ვაჭრობით შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა? მე ეჭვი მეპარება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, დანიელსონის წასვლის შემდეგ „გირჩი“ „კულუარულად“ შეხვდა „ოცნების“ წარმომადგენელებს, თუმცა დანიელსონის მეორე ვიზიტის დასრულებამდე მოლაპარაკებების პროცესი „დაპაუზდება“ და ის გაგრძელდება, თუ ეს ვიზიტიც უშედეგოდ დასრულდება.
„ეს მოლაპარაკება იქნება პაუზის რეჟიმში, ვიდრე არ იქნება დანიელსონის ვიზიტი. თუ ეს ვიზიტი დასრულდა კვლავ უშედეგოდ გავავგრძელებთ მათთან კულუარულ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.