„გირჩის” ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი „ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ” არის „აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი, რაც საბოლოო ჯამში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს”.
საქმე „ქართული ოცნების” ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს ეხება, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ქართული ოცნება” ამ დებატებს წააგებს, რადგან თემა საზოგადოებისთვის არაპრიორიტეტულია.
„იქ წერია პროპაგანდა. პროპაგანდა არის ისეთი დეფინიცია, რომელიც ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის პროპაგანდა და რა არ არის. შესაბამისად, ის, რაც მე წავიკითხე, უბრალოდ ადამიანის უფლების დარღვევაა. […] მე მგონია, რომ ამ დებატებს „ქართული ოცნება“ წააგებს, იმიტომ, რომ თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული და ტექსტი, რომელიც მათ მოამზადეს არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა”, – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.
ჰომოფობიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დღეს, 25 მარტს წარადგინა, მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.
თუმცა, ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს.
კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.