„მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს“, – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს და ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა .
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე“, – ნათქვამია საგანგებოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. როგორც საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.