მეხანძრეებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს, დარჩენილია 5 კერა - საგანგებო

პუბლიკა

ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ამ დროისთვის სამეგრელოში – 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. რაჭაში – ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში – ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში – 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. გურიაში – 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათი თქმით, კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც.

„ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს“, – ამბობენ სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.