მელაძე: კალაძის მოთხოვნის საფუძველზე ველით ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას

პუბლიკა

„ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ანგარიშების და ქონების დაყადაღების მოლოდინშია.

მისი თქმით, აღსრულების მოთხოვნის საფუძველი „მაია მამულაშვილის ქეისზე” სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებაა – 2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია “ტვ პირველისა” და ამ არხის გადაცემა “დღის ამბების” მაშინდელი წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა.

მაშინ თბილისის მერის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ აღსრულების ბიუროს დღეს, 26 ივლისს მიმართა.

მისი განცხადებით, თუ ტელეკომპანია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, გამორიცხული არ არის მისი ხელმძღვანელი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც.

„იმედია, არ დაგვჭირდება იძულებითი აღსრულება. მაგრამ, თუ ეს თანხები არ იქნა გადახდილი, დაიწყება იძულებითი აღსრულება, მოხდება როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაყადაღება. […] თუ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა”. – თქვა დიმიტრი გაბუნიამ.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ კახა კალაძეს „ეს საქმე გაახსენდა”, ვინაიდან ხვალ, 27 ივლისს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” გავა რეპორტაჟი კახა კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ქონება მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა, დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც “წავაგეთ”. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.

რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს”. – წერს ნოდარ მელაძე Facebook-ზე.