„მელანი აორთქლდა" — ბიბილოვის „პარტია" ე.წ ცესკოს ე.წ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ექს პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის „ოპოზიციური პარტია” უარს ამბობს „ახალ პარლამენტში” მუშაობაზე, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგები არ გამოქვეყნდება“.

9 ივნისს საოკუპაციო რეჟიმმა „საპარლამენტო არჩევნები” ჩაატარა. ის დაგმო როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა და აზერბაიჯანმა.

ანატოლი ბიბილოვის „პარტია” „ერთიანი ოსეთი” აცხადებს, რომ „არჩევნები გაყალბდა”. რეჟიმის ე.წ საარჩევნო კომისიაში მათ შესაბამისი საჩივარიც შეიტანეს.

„განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ვლადიკავკაზში გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ დანაშაულებრივად შეცვალა მელანიც, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. […] მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვლადიკავკაზის უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას“. – ნათქვამია ბიბილოვის „პარტიის” განცხადებაში.

არალეგიტიმური „არჩევნების” შედეგად, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარდა, ხმების 87%-ის დათვლის შემდეგ გამოირკვა, რომ ე.წ პარლამენტში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის: სახალხო პარტია – 15,41% (3186 ხმა), კომუნისტური პარტია – 7,12% (1472 ხმა), ერთიანი ოსეთი – 30,32% (6267 ხმა) და ნიხასი – 29,93% (6174 ხმა).