ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში ყოფნის საუძველი არ არსებობდა და სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობის გარეშეც უნდა მიეღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება.
მარიკაშვილის თქმით, დაცვის მხარემაც დააყენა პროცესზე მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა მათი პოზიცია იყო, რომ ისინი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
მარიკაშვილი განმარტავს, რომ დაცვის მხარე გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„აღარ არსებობდა და არც მანამდე არსებობდა რამე საფუძველი იმის, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ყოფილიყვნენ პატიმრობაში. ისინი არსად გაქცევას არ აპირებენ, ისინი ვერ ჩაიდენენ რამე ახალ დანაშაულს, როგორც პროკურატურა უთითებს, იმიტომ, რომ ძველიც არ ჩაუდენიათ. თავიდანვე მათი პატიმრობაში მოთავსების გადაწყვეტილება იყო თვითნებური და ემსახურებოდა მხოლოდ მათ დასჯას და არა მართლმსაჯულების მიზნებს.
კანონმდებლობა ცოტა უცნაურად არის მოწესრიგებული, რომ გარკვეულწილად თითქოს არ გვაძლევს აღკვეთის ღონისძიების ანუ [პატიმრობის] გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები რეალურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ გავასაჩივრებთ აუცილებლად ამ გადაწყვეტილებას და არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოშიც ეს ნორმები გავასაჩივროთ, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობრივი“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე გამოეხმაურა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება პოლიტიკური მორიგების შედეგი იყო.
„სამწუხაროა ეს, ვინაიდან დარტყმას აყენებს პროკურატურას და სასამართლოს, რომლის ნდობაც მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ.
ჩვენ კიდევ სათავეში ვკლავთ ამ იდეას, როდესაც ვაცხადებთ, რომ პროკურატურამ მიიღო გარკვეული დავალება, განახორციელა შუამდგომლობა, რასაც მხარი დაუჭირა სასამართლომ“, – განაცხადა ლონდარიძემ.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გათავისუფლდნენ.
სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, გამოძიების აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისათვის.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებულები.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.