„ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მიზნით სასამართლოს სხდომა ორშაბათს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება”, – ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე facebook-ზე წერს.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, მშვენიერაძის ინფორმაციით ის 4 დეკემბერს აღარ გაიმართება.
„როგორც ედუარდ მარიკაშვილს საქალაქო სასამართლოში უკვე დაუდასტურეს, პროკურატურის შუამდგომლობით, წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს აღარ შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე გამოძიების ვადა გაგრძელდა. მეტი დეტალი ხვალ გვეცოდინება”, – წერს მშვენიერაძე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული მელაშვილისა და ილიჩოვას ადვოკატებმა თავდებობისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
როგორც ადვოკატი ედუარს მარიკაშვილი „პუბლიკასთან” ამბობს, ხელმოწერების დიდი ნაწილი უკვე შეგროვებულია და კიდევ გრძელდება. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომაზე კი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ნას სასამართლოში წარადგენენ.
„ეს ოფიციალური თავდებობაა – [საპროცესო კანონმდებლობა] ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების სახით თავდებობას“, – განაცხადა მარიკაშვილმა.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.