მელაშვილს და ილიჩოვას მოუწევთ იმ დაწესებულებებში დაბრუნება, რომლებიც გუშინ დატოვეს - პროკურორი

პუბლიკა

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა.

გულუაშვილის განცხადებით, სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამის შესახებ პროკურორმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა


ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.