ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ და მომავალში გასამართი საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტი ხან იქნება აღმავალი, ხან ტალღებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს მზარდი.
მისი თქმით, ვითარება ჩიხური არაა და კვანძი აუცილებლად გაიხსნება.
„პროგნოზირება იმის, რომ კონკრეტულ კალენდარულ დღეს გავათავისუფლებთ შეუძლებელია და მსოფლიოში ვერცერთი ადამიანი ამას ვერ იტყვის. პროცესი უნდა შეიქმნას შესაბამისი, როცა ქალბატონი ზურაბიშვილი ისეთ განცხადებას ვერ გაავრცელებს, როგორსაც ავრცელებდა.
ვითარება ბოლომდე ჩიხური არაა, კვანძი აუცილებლად გაიხსნება და ეს დიდწილად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, ოღონდ მხოლოდ ოპოზიციაზე არა, რადგან, ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციაა ყველა, ვისაც სჭირდება ცვლილება ამ ქვეყანაში. ამ საპროტესტო მოძრაობას პიკი ექნება, ეს პიკი იქნება. საპროტესტო მოძრაობა ტალღებად არის.
ჩვენ შეგვიძლია ხვალ და ზეგ მძლავრი საპროტესტო აქციები გავმართოთ, მაგრამ მეოთხე დღეზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, მე ამ მეოთხე დღეზეც და მეხუთე დღეზეც ვფიქრობ. პირობითად ვამბობ ამას. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ პროტესტი გაილია, ადამიანები გამოიფიტნენ. არავითარ შემთხვევაში ამ რეალობას ასე დარჩენა არ უწერია. სტატუს კვო შეიცვლება.
მე პასუხისმგებლობა მაქვს უამრავი ადამიანის წინაშე და 13 ადამიანი, რომელიც პატიმრობაშია განვიცდი. ჩაგვივარდნენ ტყვეობაში და არ მინდა, რომ ეს რიცხვი მომდევნო კვირების განმავლობაში ასეულს და ორასეულს მიუახლოვდეს. საპროტესტო მოძრაობას რესურსებით გაძლიერება სჭირდება, ამის თქმა არ მერიდება. პიკი და კულმინაცია ყველა საპროტესტო მოძრაობას ექნება – ხან იქნება აღმავალი, ხან ტალღებად, მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს მზარდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მან ასევე უპასუხა კითხვას 14 ოქტომბრის აქციის შესახებ. ჟურნალისტმა უთხრა, რომ მას აკრიტიკებენ 14 ოქტომბერს გამართული ფართომასშტაბიანი აქციის დაშლის გამო.
„30 წელი რომ გავიდეს, ყოველთვის მივიღებ ამ წუხილს, რომ 14 ოქტომბერს რომ არ დაგეშალა აქცია, რამე შეიცვლებოდა. 14 ოქტომბერს მე რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი, ვიცი, რა მოხდებოდა. დღეს მე რომ აქ არ ვიჯდებოდი, ეს გასაგებია, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. მარტივად დაიყრებოდა გვამები რუსთაველის გამზირზე. ადამიანებს ვინც მეუბნება, რატომ შლი აქციას და ჩემს არგუმენტებს რომ ისმენენ, ათიდან 8 მეთანხმება და მიხარია. ნახევარი ნაბიჯით არ აქვთ გათვლილი, წინ რა ხდება, არ იშლები და სად ვარდები?“ – ამბობს ნიკა მელია.
მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარტიაში ყოველდღიურად მუშაობენ და მთავარი ამოცანა ცვლილებებისთვის გეგმაზომიერი ბრძოლაა.
„ყოველდღე მიდის გეგმაზე მუშაობა. მთავარი ამოცანა უცვლელია. ცვლილებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ გეგმაზომიერად და ორგანიზებულად. პარალელურად ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიხსნათ სააკაშვილი ტყვეობიდან. მჯერა, რომ სააკაშვილი დიდხანს არ იქნება ტყვეობა. ბიძინას ჰქონდა მოლოდინი, რომ იგი მას ფსიქოლოგიურად გატეხდა, გარეთ დაგვაშვებინებდა ოპოზიციისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს“, – ამბობს ნიკა მელია.
ჟურნალისტმა მისი შესაძლო გადაყენების შესახებაც დაუსვა შეკითხვა.
„ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტ ტვ-ის“ თუ გადავრთავ ანალოგიური რაღაც ხდება იქაც. ეს არის მათი ოცნება და ოცნებაა, რომ შემოიტანონ დისონანსი შიგნით და ამას გულუბრყვილოდ ადამიანების რაღაც ნაწილი ებმება სოციალურ ქსელში და ა.შ. არაგონივრული ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნებს ტყვეობაში თავს არ ავაყვანინებ. საკმარისი იმუნიტეტი გამოვიმუშავე“, – ამბობს მელია.