მელია და რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში - ბაქრაძე

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განმარტებით, შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი და რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიების წარმომადგენლებმა დოკუმენტის შესახებ მედიასთან ისაუბრეს.

ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.

„ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი. რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, დოკუმენტში პირველ რიგში ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და მკაფიო საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე.

„ვადებზე და იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა, რომ ორივე ადამიანი – ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.