„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების უკან ვანო მერაბიშვილი დგას.
„მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე.
სინამდვილეში, პირიქით მოხდა ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელსაც მე არასოდეს მივესალმებოდი და თუკი რამე არ მომწონდა ნაციონალურ მოძრაობაში, ზუსტად ეს მეთოდები იყო,“ – ამბობს ნიკა მელია „რეაქციაში.
ამავე ეთერში ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როდესაც მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი.
მისი თქმით, გლდანში გამართულ არჩევნებამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნობაზე უარი.
„პირველად, იგი საფუძვლიანად ვნახე ციხეში, როცა უკვე დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი გენერალური მდივანი.
კარს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, წევრებს ხელახლა უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი.
გახსოვთ მაშინ, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო, დააფუძნა „ევროპული საქართველო“ და ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს. შევედი მასთან მარტივი წინადადების განსახილველად. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში გვაქვს ყრილობა სპორტის სასახლეში და უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად, რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა. მეტიც, მთხოვა, ეს არ გავაკეთოთ.
მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნობა. კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში განვიხილეთ ეს საკითხი. ძალიან მძიმე იყო ეს პროცესი, ყრილობაზე პატიმარი ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადაგვეყენებინა და ვფიქრობ, ძალიან არასწორად გამოჩნდებოდა პარტიის პოზიცია.
ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, პარტიამ ყრილობაზე კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად. ზუსტად მეორე დღეს, გავრცელდა მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად.
ამიტომ ჩემთვის არათუ არ იყო ცნობილი, 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, ვიცოდი, რომ სულ მცირე, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, მელიას თქმით, ვანო მერაბიშვილთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა შეხვედრები, საუბარი, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ მერაბიშვილი აქტიურად ყოფილა ჩართული მისი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.
„2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. მალევე ირკვევა, რომ იქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, ვებრძვით კალაძეს, ივანიშვილის ინტერესებს. ამ პროცესში მე და ბევრმა ჩემმა მეგობარმა, საარჩევნო შტაბის აქტიურმა წარმომადგენელმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი.
მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი, მელიას საარჩევნო შტაბი, იქნებ არ დაეხმაროთ.
დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო. მეტიც, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. სამი დღის შემდეგ გამოჩნდნენ ეს ადამიანები, მოვიდნენ და მომიყვნენ სიმართლე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.