მელია: გუშინ „ოცნების“ დეპუტატი მირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა, თითს არ მივაჭერო

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ გუშინ, 15 თებერვალს მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

„ვუთხარი, რომ არაფერი შენთან სალაპარაკო არა მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, დანარჩენს მერე მოგახსენებ. არ იქნება და მე თვითონ დაგირეკავ და მე თვითონ გნახავ. 6-ჯერ დამირეკა და  დღეს ისეთი მისცა ხმა, რომ ის ღილაკი ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე. რომ ჰკითხო ღირსეული ადამიანია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეკითხვაზე, თუ რატომ სურდა ვასილ ჩიგოგიძეს შეხვედრა, ნიკა მელია პასუხობს „გუშინ მეუბნებოდა, რომ თითს მაინც არ მივაჭერ და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო“. 

ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან აპირებდა კინჭისყრას, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ კანდიდატთა შორის აღმოჩნდა.

„ეს ადამიანი მზად იყო კი არა, გურიაში კენჭს იყრიდა „ნაცინალური მოძრაობის“ რიგებიდან და უცბად გავიხედე, ბოლო 3 დღე ტელეფონს არ პასუხობსო და წარადგინეს „ოცნების“ კანდიდატად“, – განაცხადა მელიამ.


ნიკა მელიას საქმე

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.