საქალაქო სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მივიდა. მისი თქმით, ის შესაძლოა დაესწროს პროცესს.
„ნებისმიერი სახის საპროტესტო აქტივობაც კი გარშემორტყმულია ათასობით პოლიციელის მიერ. წლების განმავლობაში ეს იყო მუდმივი დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას.
გასაკვირი არ არის, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია აქვთ. ვერტმფრენიც კი ააფრინეს, ერთი „ბეტეერები“ და ტანკები არ გამოუყვანიათ, დანარჩენი ყველა სახის ტექნიკაა მობილიზებული. როდესაც პოლიტიკურად გაბანკროტებული ხელისუფლების ხელში არის მხოლოდ ერთი კონტროლის მექანიზმი და ეს არის ძალოვანი უწყებები და სპეცდანიშნულების ჯგუფები, მხოლოდ მათ ეყრდნობა.
დღეს სპეცდანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლები არის ხელისუფლება და რეჟიმი ცდილობს, რომ საზოგადოებამ ასეთად მიიღოს, მაგრამ ის მას ასეთად არ მიიღებს“, – განაცხადა მელიამ.
მედიის წარმომადგენლებს სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.
სასამართლოს შიდა პერიმეტრზე ასევე არ უშვებენ აქციის მონაწილეებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის ჰოსპიტალში მკურნალობას.