მელია: ხვალ 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, „ერთი რიგითი კალენდარული დღე არ ჩაივლის პროტესტის გარეშე ქუჩებში” და საბოლოო ჯამში, მისი თქმით, პროტესტი უნდა გადაიზარდოს „მძლავრ საპროტესტო მოძრაობად”. ამის შესახებ მან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა თავისუფალ საარჩევნო გარემოში.

მელიამ დააანონსა, რომ ხვალ, 5 ნოემბერს 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან.

„ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ. სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა, ჩვენ ვართ გამარჯვებული, თქვენ ხართ გამარჯვებული და თქვენ გვანდეთ ჩვენ მანდატები, რომლებსაც არ ვიყენებთ. ამ პარლამენტში ვერცერთი და არცერთი ოპოზიციონერი არ შევა […]

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ სწორ დღეებში. ადეკვატური იქნება ჩვენი რეაქცია, ქარიშხლოვანი იქნება ჩვენი რეაქცია. ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური, ერთი რიგითი კალენდარული დღე არ ჩაივლის პროტესტის გარეშე ქუჩებში და საბოლოო ჯამში ეს უნდა გადაიზარდოს მძლავრ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს […]

ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ხვალ, დღის 2 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან. ყოველ დღე უნდა გავმართოთ აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ, განსაკუთრებით ამაყ და მართალ ადამიანს ეკადრება”, – განაცხადა მელიამ.