პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ ერთიანი სიით ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას” ვერ დაამარცხებენ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად“.
მელიას ინფორმაციით, კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარდა და საბოლოო შედეგი მაქსიმუმ 2 დღეში გახდება ცნობილი, თუმცა, გასაჯაროვდება თუ არა, უცნობია.
„მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ჩვენ ყველას გაგვეგო ემპირიულად, რა ცნობები მოვა, ყბადაღებული ერთიანი სია იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი გახდება. დამკვეთი გადაწყვეტს გაასაჯაროოს თუ არა. თუ არა და, ყველა პარტია ჩამოყალიბდება.
ჩვენი, პარტია „ახალის” და კიდევ სხვების პროგნოზი გამართლდა, რომ ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად […] პროცენტებზე, მაჩვენებლებზე მე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ უფლება არ მაქვს, მინიშნება არ მოგცეთ – რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.
ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს, რა თქმა უნდა, არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლობიანი პარტიის მიერ”, – განაცხადა ნიკა მელიამ
მელია ფიქრობს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, შეიქმნება პლატფორმა „რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს. ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ”.
„როგორც ჩანს, გახარიას პარტია იქნება ცალკე. ენმ-ზე არ ვისაუბრებ, არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია, ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობის.
მიხეილ სააკაშვილი-მერაბიშვილი-კეზერაშვილი მჭიდრო პარტნიორები არიან, 24-საათიან კომუნიკაციაში, ვისაც აქვს სურვილი მათთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად, კი ბატონო, არც თავს ვესხმით, მაგრამ ეს არის სიმართლე […]
პარტია „ახალი” იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ. პლატფორმა, რომელიც იქნება გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ღერძი – პარტია „ახალი” სადაც იქნება, ამ კვლევის შედეგებმაც დაგვარწმუნა ამაში, რასაც ვამბობდით მეც და ნიკაც, რომ არჩევნებამდე ეს პარტია გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია”, – ამბობს ნიკა მელია.
მელიამ აღნიშნა, რომ მთავარი პრინციპია, არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანი ოპოზიციურ ფლანგზე.
6 ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, „დროა”, „ახალი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება” ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს, რაც გულისხმობს გაერთიანებას, როგორც არჩევნებამდე ასევე, არჩევნების შემდეგ.
მათი თქმით, ერთიანდებიან შემდეგი მიზნების მისაღწევად – „გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მორჩილებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან; – დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე”.